ე.წ ვაქცინაციის მარათონში აჭარის 5 სოფელი ჩაერთო

18 ოქტომბერი 2021, 14:29 672 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესში აჭარის ხუთი სოფელი - ოჩხამური, დაბა ჩაქვი, ზამლეთი, სხალთა და დიოკნისი ჩაერთო.

აღნიშნული სოფლები მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით შეირჩა. ადგილობრივ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სოფლების ამბულატორიებში შეუძლიათ.

„ვაქცინაციის ტემპის გაზრდისა და სამიზნე აუდიტორიის დროულად მოცვის მიზნით აქტიურად დაიწყო ვაქცინაცია სოფლებში. ე.წ. მარათონს აჭარაში ხუთი დიდი სოფელი შეუერთდა. კვირის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესში ყველა ამბულატორია ჩაერთვება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.

აღნიშნულ ვაქცინაციის ცენტრებში ხელმისაწვდომია - "ფაიზერი", "სინოფარმი" და "სინოვაკი".

„ყველა მოქალაქეს ვთხოვ და მოვუწოდებ, მოვიდნენ ამცრელ პუნქტებამდე, გაესაუბრნონ თავიანთ ოჯახის ექიმებს, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ვაქცინაციის უსაფრთხოებისა და უპირატესობის შესახებ და იქვე სახლთან ახლოს, სოფლის ამბულატორიებში ჩაიტარონ აცრა. კოვიდი არსად წასულა, ის კვლავ ჩვენთანაა და მისი დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნინო გუგუშვილმა.

ამჟამად აჭარაში ჩატარებულია 219 272 ვაქცინა, მ.შ. ორი დოზით აცრილია 101 164 მოქალაქე. აჭარაში ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 62,3%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში