მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები არიან მიკერძოებულები, მათ აქვთ პოლიტიკური ინტერესი, იგივე ეხება სახალხო დამცველს - ირაკლი კობახიძე

25 ოქტომბერი 2021, 14:30 725 ნახვა

რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ სადღაც ციხიდან გამოიხსნას? რაზეა საუბარი? ძალიან მარტივად, მთავარია ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა და მთავარია იმ რეგულაციების დაცვა - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, N18 პენიტენციურ დაწესებულებაში არის სათანადო პირობები, რომ პატიმარმა გაიაროს ყველა პროცედურა თუ მას გადაწყვეტილი აქვს არ ჭამოს, იშიმშილოს. 

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც გამოატარა ათი ათასობით პატიმარს.

"როცა პატიმარს ეხება საქმე, უნდა იყოს დაცული მისი უფლებები, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. იმ საერთო სტანდარტის შესაბამისად, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ პატიმარზე. რომ გამოაცხადოს უცებ 1000-მა პატიმარმა შიმშილობა, ყველას სამოქალაქო საავადმყოფოში ბუნებრივია ვერ გადაიყვან. არის იქ სათანადო პირობები, რომ პატიმარმა გაიაროს ყველა პროცედურა თუ მას გადაწყვეტილი აქვს არ ჭამოს, იშიმშილოს. 

აქედან გამომდინარე იქნება მოპყრობა იმ სტანდარტების შესაბამისად, რასაც მიჩვეული არიან ჩვენი პატიმრები 2012 წლიდან დღემდე. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ციხე რა იყო 2012 წლამდე და რა არის დღეს. ხედავთ, რომ ადამიანის უფლებათა სტანდარტების კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება. სააკაშვილს, მადლობა ღმერთს, არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რომელიც მან გამოატარა ათი ათასობით პატიმარს"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, როცა ადამიანი იწყებს შიმშილობას ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა.

"თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, როგორც ის ამას აკეთებს, ამ შემთხვევაში ბუნებრივია მოსალოდნელია გარკვეული უარყოფითი ტენდენცია. გუშინ გადასხმა გაკეთდა, არის გარკვეული საკვების მიღების პრეცენდენტები და ა.შ, ამას ყველას უნდა დააკვირდეს და კლოუნადის დადგმის საშუალება არავის უნდა მივცეთ. შიმშილობა გამოაცხადა ეს არის მისი პასუხისმგებლობა, ჩვენი პასუხისმგებლობაა მოპყრობა ადამიანის უფლებათა სტანდარტის შესაბამისად და ზუსტად ამას გააკეთებს სახელმწიფო.

რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი არიან მიკერძოებულები, იგივე ეხება სახალხო დამცველს, მას აქვს პოლიტიკური მიკორძოება და ინტერესი, აქედან გამომდინარე მათი განცხადებები ბუნებრივია. ჩვენ ყველაფერს უნდა გავუწიოთ ანგარიში და ვიმოქმედოთ სტანდარტების შესაბამისად"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში