ადგილი ჰქონდა, მაგიდაზე ასვლით, შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან კონტაქტს - პენიტენციური სამსახურის განმარტება 

28 ოქტომბერი 2021, 14:07 1489 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის განახლება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო გადაწყდა. 

განცხადებაში წერია, რომ ადგილი ჰქონდა, მაგიდაზე ასვლის გზით, შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა.

''ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშულებას არ აძლევს არის სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით. მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57- ჯერ შეხვდა ადვოკატებს. მათ შორის, შეხვედრა ერთ-ერთ ადვოკატთან დღესაც შედგა.

აქვე განვმარტავთ, რომ დოკუმენტაციის გაცვლის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან პირისპირ შეხვედრის მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PC ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ, რაც ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის არცერთი ადვოკატის მიერ არ მომხდარა'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში