2 დღე არჩევნების მეორე ტურამდე-ბრიფინგი ცესკოში

28 ოქტომბერი 2021, 17:50 743 ნახვა

როგორ მოემზადა ცესკო 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის, როგორი იყო 2 ოქტომბერს დაფიქსირებულ დარღვევებზე ადმინისტრაციის რეაგირება და რა გამოწვევები რჩება მეორე ტურამდე ორი დღით ადრე-მედიის შეკითხვებს ცესკოს თავმჯდომარემ და მოადგილემ  უპასუხეს. შეკითხვების უმეტესობა კენჭისყრის ოთახებში ვიდეოფიქსაციის პროცესსა და შემაჯამებელი ოქმების შევსებას ეხებოდა. ისაუბრეს კონკრეტულ ქეისებზე,  მათ შორის მოხვდა ბათუმის 44-ე და მთაწმინდის მეორე საარჩევნო უბნები. ჟურნალისტი დაინტერესდა  რატომ უგზავნიდნენ  აღნიშნული უბნების კომისიის წევრები ოლქებს დათვლილი ხმების წინასწარ ვერსიას შემაჯამებელი ოქმების შევსებამდე.  ცესკოს თავმჯდომარემ კი უპასუხა, რომ ამ ტიპის ინფორმაცია მას არ აქვს, სამუშაო ვერსიაში კი მონაცემების შეტანა ოქმის შევსებამდე კალანდარიშვილისთვის ნორმალური პროცესია, რადგან როგორც ამბობს, ამით შეცდომების რისკი მინიმალურია. რაც შეეხებას ვიდეოფიქსაციას, ითქვა, რომ  საუბნო საარჩევნო კომისიებს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციებიც მიეცათ ამ ნაწილში, რათა  თავიდან აირიდონ  მანიპულაცია. ცესკოში შეაჯამეს მეორე ტურის წინასაარჩევნო პროცესიც და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, იქ სადაც მეორე ტური ჩატარდება გამოყენებული იქნება ე.წ-ლი  რემოდელირებული კაბინები, რაც მისი თქმით,  უზრუნველყოფს ხმის ფარულობის გარანტიებს და აზღვევს მანიპულაციის რისკებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში