მეორე ტურისთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს - ცესკო

29 ოქტომბერი 2021, 14:45 977 ნახვა

არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი, ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს -  ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.

"მოგიწოდებთ, ხვალ დილის 8 საათიდან იაქტიუროთ და მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და განახორციელოთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და მიიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა. მეორე ტურისთვის თქვენთვის გახსნილია 1830 საარჩევნო უბანი; ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი შეადგენს 2 088 722-ს. საარჩევნო უბნებზე თქვენ დაგხვდებათ განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები, რომლებიც წინა მხრიდან ამოჭრილია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება"-განაცხადა კალანდარიშვილმა.

​მისივე თქმით, 30 ოქტომბრის არჩევნებს გაზრდილი რაოდენობით დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეები. რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 5 309 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 35 198 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 102 დამკვირვებელი; ასევე 119 მედიაორგანიზაციის 3 711 წარმომადგენელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში