კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის 10-მდე შემთხვევაზე რეაგირება მოხდა - შსს

30 ოქტომბერი 2021, 14:19 1035 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.  სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე რეაგირება განახორციელა 10-მდე შემთხვევაზე.

უწყების ცნობით, ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ზუგდიდში, უკვე დასახელებულ საარჩევნო უბანთან, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია "მთავარის“ ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით;

''მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დააფიქსიროთ აღნიშნული კანონდარღვევა და დაუყოვნებლივ შეატყობინოთ პოლიციას. ასევე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით კონფრონტაციაში შესვლისგან და სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არჩევნების მეორე ტურის დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე'' - განაცხადეს ბრიფინგზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში