იგეგმება გაყალბებები საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია ცალსახად გამარჯვებულია - ოპოზიციური ერთობა

30 ოქტომბერი 2021, 16:53 1374 ნახვა

ოპოზიციური ერთობის წევრებმა ბათუმში ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცური პარტიის კანდიდატი იმარჯვებს გაყალბებები იგეგმება. 

''ლელოს'' წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თითოეულ ხმას დაიცავენ. 

მისივე თქმით, დღეს მოქალაქეების აქტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

''ოპოზიციური ერთობა არჩევნებზე აქტიურობისკენ მოგიწოდებთ, დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ხმა, რომელიც უნდა ჩავარდეს  საარჩევნო ურნაში. ვხედავთ, რომ ''ქართული ოცნების'' მხრიდან ბრიფინგებით ანონსდება უბნებზე ამომრჩევლების ძალადობრივი მიყვანა. ოთხი-ხუთი საათის შემდეგ კი დაიწყება გაყალბებები საარჩევნო უბნებზე, სადაც ოპოზიცია ცალსახად გამარჯვებულია ძალიან დიდი სხვაობით.

ჩვენ ვიქნებით ერთიანად ყველა უბანზე წარმოდგენილი, კომისიის წევრებით, დამკვირვებლებით. ვაპირებთ, არცერთი ხმა არ უნდა დარჩეს დაუცველი.​ მთავარია, რომ უბნებზე მიხვიდეთ და თქვენი პოზიცია თამამად დააფიქსიროთ'' - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

​ვახტანგ კალოიანი კი ამბობს, რომ აქტიურობა მეორე ტურში ბევრად უფრო მაღალია. მისივე თქმით, ​ოპოზიციური ერთობა მზად არის დაიცვას თითოეული ხმა.

''სხვადასხვა უბანზე აღიკვეთა დარღვევები და ამას მივიყვანთ ბოლომდე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის არჩევანი რომელსაც ბათუმი დღეს გააკეთებს, ევროპული, კოალიციური და მრავალპარტიული მმართველობა იყოს ბოლომდე დაცული'' - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში