არჩევნები გაუქმებულია - ხვალ კონკრეტული გეგმით წარვსდგებით, უკომპრომისო ბრძოლა იქნება - ნიკა მელია

31 ოქტომბერი 2021, 03:18 1664 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია არჩევნებს გაუქმებულად აცხადებს. მისივე განმარტებით, ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამის შესახებ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გამარჯვება ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა, რის გამოც უკომპრომისო ბრძოლა იქნება.

"უკანასკნელი რამდენიმე საათი განგებ არ ვდგებოდი მედიის წინაშე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს არჩევნები ნამდვილად არის გაუქმებული. ხვალ ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვსდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ვიწროპარტიული ინტერესები აქ აღარ არსებობს, პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს, იმუშავა კოალიციურმა ერთობამ, ხალხს რწმენა გაუღვივდა. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კოალიცია უფრო ფართო გახდეს და ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების, ჟურნალისტების, ექიმების ინჟინრების, ვინც არის შეწუხებული ფაქტით, რომ არჩევნები ივანიშვილის პირობებში აღარ ჩატარდება. ხვალ ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება, გპირდებით, როგორც ერთი გულანთებული მოქალაქე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ჩვენ სიტყვებს უბრალოდ არ ვისვრით. ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მივეცით შანსი, მან ეს შანსი არ გამოიყენა, ჩვენ მთელი ამ საათების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან და მე მათ არ დავულამე ის, რასაც ახლა ვამბობ. მე მათ ვუთხარი, რომ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. არ არსებობს ადამიანი, ქართველი თუ უცხოელი, ვინც არ იზიარებდეს ამ მოსაზრებას. აქ აღარ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების საბრძოლველი, ჩვენი სურვილია, რომ ეს ბრძოლა წარიმართოს ფართო კოალიციური მოძრაობით. მოემზადეთ ძვირფასო თანამებრძოლები, ძალიან საინტერესო, თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის. ბრძოლა იქნება უკომპრომისო და იქნება ბოლომდე გამარჯვებისთვის და ბრძოლა იქნება, ვიდრე ჩვენ ამ ქვეყანაში არ მოვიპოვებთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში