არჩევნების მეორე ტურში რა სახის დარღვევები დააფიქსირდა ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ''

31 ოქტომბერი 2021, 11:38 1369 ნახვა

''ვინაიდან ბევრ საარჩევნო ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობა დაფიქსირდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე'' - აცხადებენ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში''.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურში ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 150-მდე დარღვევა დააფიქსირეს და დაიწერა 23 საჩივარი. 

მათივე ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნების მიმდებარედ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას, ხშირი იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის და საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლის არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვის ფაქტები. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით,  კენჭისყრის შედეგების დათვლისა და შეჯამების ეტაპზე ტენდენციის სახე ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების დედნების შედგენის პროცესის ხელოვნურად დაყოვნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოქმების პროექტების წინასწარ შეთანხმების პრაქტიკას.

არაერთ უბანზე დაფიქსირდა კომისიების მიერ ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების არასწორად განაწილების ფაქტები. ცესკომ არჩევნების შედეგების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესული ოქმების გასაჯაროების პარალელურად დაიწყო, რაც პირველი ტურის დროს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა.

დარღვევების ჩამონათვალში მოხვდა ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანი. ორგანიზაციის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე  ჰქონდა სამოქალაქო ორგანიზაციების დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების მიერ საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვას.

კერძოდ, დამკვირვებლები ნაკადის მომწესრიგებლის ან რეგისტრატორის გვერდით იდგნენ, ყველა ამომრჩევლის ვინაობით ინტერესდებოდნენ და ინფორმაციას დისტანციურად გადასცემდნენ. ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა  79 ბათუმის საარჩევნო ოლქებში.

გარდა ამისა, №79 ბათუმის, №17 თელავის და №20 რუსთავის საარჩევნო ოლქების ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა.

ასევე დაფიქსირდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი დარღვევები

''№79 ბათუმის საარჩევნო ოლქის №2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ (მეორე ტურზე რეგისტრირებული ჰყავდა 467 დამკვირვებელი) დამკვირვებელი დიდი ხნის განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას. №58 და  №104 უბნებზე „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ და „კავშირის მწვანე დედამიწას" დამკვირვებლები იდგნენ რეგისტრატორთან და აფიქსირებდნენ მოსულ ამომრჩეველთა ვინაობას, რომელსაც ტელეფონით გადასცემდნენ გაურკვეველ პირს'' - წერია განცხადებაში. 

დარღვევების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ლინკზე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში