გერმანიამ საქართველოს covid-19 სამკურნალო მედიკამენტები გადასცა 

01 ნოემბერი 2021, 13:26 750 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები გადასცა. Casirvimab-ისა და Imdevimab-ის 3024 დოზა მედიკამენტი გამოიყენება კოვიდით დაავადებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

''საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მონოკლონური ანტისხეულების საქართველოსთვის გადმოცემა გერმანიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

'' მედიკამენტი განკუთვნილია კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, სადაც დაავადება რთულ ფორმებში მიმდინარეობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის ვაქცინაცია, იმისათვის რომ ადამიანები არ დაავადდნენ საჭიროა რაც შეიძლება მეტი პირი აიცრას. ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რათა პანდემია საქართველოში მომდევნო წელსაც არ გაგრძელდეს“, -აღნიშნა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

პრეპარატზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გაცემული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. აღნიშნული მედიკამენტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში