ეპიდვითარება უკიდურესად რთულია, ვიმსჯელეთ თუ რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება - თამარ გაბუნია

03 ნოემბერი 2021, 14:21 951 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეპიდვითარება ქვეყანაში უკიდურესად რთულია.

თამარ გაბუნიას თქმით, დღეს შედგა კლინიკური ჯგუფის შეხვედრა და იმსჯელეს თუ რა პროტოკოლით  მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება.

"კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა, თუ რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, რომელიც ქვეყანამ მიიღო დონაციის სახით გერმანიის მთავრობისიგან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ამისთვის გერმანიის მთვრობას, რომელიც დაგვეხმარა ამ პროცესში. ასევე მონოკლონური ანტისხეულები, რომლებიც მივიღეთ ჩვენ ამერიკის მხარისგან, ესეც არის ქვეყანაში და მზად ვართ, მათი გამოყენება დაიწყოს.

ორი განსხვავებული მონოკლონური მედიკამენტია ქვეყანაში. ერთი განკუთვნილი იქნება იმ პაციენტებისთვის, ვისაც უფრო მეტი რისკი აქვს დამძიმების, მაგალითად: 65 წელს ზემოთ პირები, პირები რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები და საყურადღებოა მათი მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციის პროცესში.

მეორე ჯგუფი მონოკლონების, მისი გამოყენება შესაძლებელია შედარებით მსუბუქ პაციენტებში, დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე. ძირითადად ეს იქნება პაციენტი, რომელიც მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, ან ბინაზე. ექიმი მოახდენს მათ შეფასებას"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, აღნიშნულმა წამლებმა აჩვენეს საკმაოდ დიდი ეფექტურობა პაციენტების დამძიმებისა და სიკვდილობის შემცირების კუთხით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში