ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს

03 ნოემბერი 2021, 19:21 1212 ნახვა

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს, - ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ თავად გააკეთა.

მისივე თქმით, პროტესტის ეს ფორმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

"მინდა, გავაკეთო საგანგებო განცხადება, მე არ წარმოვადგენ სააკაშვილის პარტიას, არც მისი ამომრჩეველი ვარ, მაგრამ რაც დღეს ხდება მისი პატიმრობის და  ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მოქალაქის და პრეზიდენტის მიმართ. ეს საკითხი არის სახელმწიფო ინტერესების საკითხი. მე გადავწყვიტე, აქ პარლამენტში, ამ შენობაში დავიწყო შიმშილობა, სანამ მას არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები არ მოიხსნება. 

ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა. არ მაინტერესებს, რას იზამს "ქართული ოცნება“. ჩემს ქვეყანაში საშუალებებს და უფლებებს ვიქმნი მე. მე ვარ პარლამენტში და ვიწყებ შიმშილობას. აქ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგას ოთახია და სად, როგორ გადავაადგილდები, ამის ნახვის საშუალება გექნებათ. ამ შიმშილობის განმავლობაში, რომელიც უკვე დაწყებული მაქვს, დილიდან საკვები აღარ მიმიღია, ერთადერთი, რასაც მივიღებ, არის წყალი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში