მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, კოვიდით გარდაცვლილების 98,95% აუცრელი იყო - ამირან გამყრელიძე

04 ნოემბერი 2021, 13:00 766 ნახვა

15 მარტის - 30 სექტემბრის პერიოდში სულ ქვეყანაში კოვიდით გარდაიცვალა 5 469 ადამიანი, მათ შორის 98,95% არავაქცინირებული იყო - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინაციისგან განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99,37%.

„15 მარტის - 30 სექტემბრის პერიოდში სრულად ვაქცინირებულ პირებში ​ინფიცირებისგან ვაქცინით განპირობებული დაცვის ეფექტურობა არის 90%. ამ პერიოდში სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი იყო 9,87%-ით ნაკლები არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო 814 851 პირი. აქედან იდენტიფიცირებული იყო 11 403 კოვიდინფიცირება'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაცისგან  დაცვას, მისი თქმით, აცრა მოქალაქეებს კლინიკაში მოხვედრისგან 93,4%-ით იცავს.

''15 მარტის - 30 სექტემბრის პერიოდში სულ ქვეყანაში ჰოსპიტალიზებული იყო 53 767 ადამიანი. ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 1 386 პირს. ვაქცინაციის ეფექტურობამ ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ შეადგინა 93,4%.

60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულებში ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97,5%-ით ნაკლებ შემთხვევაში დგება, არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. 18-59 წლის ასაკის სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 99%-ს შეადგენდა. სულ ინტენსიური მკურნალობა დასჭირდა სრულად ვაქცინირებულ 62 ადამიანს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში