ესპანეთში ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს - შსს 

05 ნოემბერი 2021, 18:28 1177 ნახვა

ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების 9 წევრი დააკავეს, მათგან 8 საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეცოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ბარსელონაში ჩატარდა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან.

მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, სახელწოდებით - „ბანუს". სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს კატალონიის ავტონომიური პოლიციის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის დანაყოფის, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიისა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს თანამშრომლობით დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით განხორციელებული ერთწლიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები. ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების წევრები - 9 პირი დააკავეს, მათ შორის საქართველოს 8, ერთი კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

მათ ბრალად ედებათ ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე და 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობას, ასევე კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა დაკავებულების საცხოვრებელი 7 ბინა. ბრალდებულები სასამართლოს წინაშე 22 ოქტომბერს წარდგნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში