მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად აღიკვეთება - შსს

08 ნოემბერი 2021, 15:36 1119 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციებისა და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შსს ოპოზიციის დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით ავრცელებს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება"-წერია უწყების განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში