N18 დაწესებულებაში სააკაშვილის მოთავსება სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას არღვევს - ომბუდსმენი 

09 ნოემბერი 2021, 10:55 1046 ნახვა

სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ვერ აკმაყოფილებს. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის იქ მოთავსება კი ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მიხეილ სააკაშვილის შესახლების დღეს მიიტანეს და მისი დამონტაჟება უახლოეს პერიოდში იგეგმება. კონსილიუმის მოთხოვნის მიუხედავად დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და კვლავ არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები სააკაშვილის საკანშიც ისმის და ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს.

''2021 წლის 8 ნოემბერს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია N18 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ვინაიდან N12 დაწესებულებაში შეატყობინეს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით მულტიფუნქციურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ, რასაც იგი დათანხმდა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები N12 დაწესებულებაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში ეტაპირების შესახებ ინფორმირების ან მისი თანხმობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი ვერ მოიძიეს.

სახალხო დამცველთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ იგი, მისი უარის მიუხედავად, ძალის გამოყენების შეასახლეს N18 დაწესებულებაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას. კერძოდ, N8 დაწესებულებიდან პატიმართა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმის ისმოდა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები, რაც სააკაშვილის საკანშიც ისმის და ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას შეურაცხყოფის ხმები დააფიქსირეს სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა. მაღალი ალბათობით, მსგავსი ვითარება გაგრძელდება და ანალოგიურ ვერბალურ აგრესიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები თუ სხვა ვიზიტორებიც დაექვემდებარებიან.

სახალხო დამცველმა თავის განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ პატიმრის N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში გადაყვანა გამოიწვევდა N8 და N18 დაწესებულებების დეზორგანიზაციას, ვერბალური აგრესიის, ხმაურისა და შეურაცხყოფის მნიშვნელოვანი საფრთხის გამო.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ. 2021 წლის 18 იანვრამდე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია ღამის საათებში სპეციალურ არქივზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის გამო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, ამასთან, არ იღებს სათანადო მედიკამენტებს, შიმშილობის პროცედურებისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე'' - წერია განცხადებაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში