ე.წ. მწვანე ზონებში, მათ შორის რესტორნებში, დამატებითი შეზღუდვები უნდა მოიხსნას - შოთა ბურჯანაძე

09 ნოემბერი 2021, 15:02 741 ნახვა

„რესტორატორთა ასოციაციის“ მოთხოვნაა, რომ ე.წ.მწვანე ზონებში, მათ შორის რესტორნებში, დამატებითი შეზღუდვები მოიხსნას. განცხადება ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ გააკეთა.

როგორც ის აღნიშნავს, თუ რესტორნებში ქორწილისა თუ სხვა ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება, ღონისძიების მონაწილეებიც იძულებულები იქნებიან, რომ „მწვანე სტატუსი“ ჰქონდეთ.

„სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად საჭიროებს გარკვეულ კოლეგირებას. „მწვანე ზონას“ ვქმნით იმისთვის, რომ ადამიანებმა აცრა ვალდებულებად გაიხადონ. დღეს ეს „მწვანე ზონა“ ვრცელდება რესტორნებში, კაფე - ბარებში, ფიტნეს დარბაზებში და თეატრებში. ეს არ არის იმის საბაბი, რომ მოსახლეობის 70%-მა, რომელიც აუცრელია, სწრაფი, რადიკალური ნაბიჯი გადადგას და აიცრას.

ჩვენი სფერო დღეს არის შეზღუდული ოპერირების მდგომარეობაში. „მწვანე ზონა“ რომ შევქმნათ, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, რომ რესტორნებში შეზღუდვები მოიხსნას და ადამიანებმა უფრო თავისუფლად მიიღონ სერვისები.

მაგალითად, დღეს სფეროს გარკვეულ სეგმენტს აკრძალული აქვს ქორწილების, „ივენთების“ გადახდა. თუ გადავწყვეტთ ქორწილის გადახდას და სიძე-დედოფალი, ან მეჯვარეები აუცრელები იქნებიან, ეს დამატებითი იმპულსია, რომ მხოლოდ აცრის შემთხვევაში შეძლოს ქორწილის გადახდა. ეს გამოადგება არა მხოლოდ საზოგადოების ამ ნაწილს, არამედ ეკონომიკასაც, რომელიც დღესდღეობით ამას მოკლებულია. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორის ამოქმედება და მისი შესაძლებლობა, რომ მომხმარებლებს სერვისები მიაწოდოს“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ქორწილისა და მსგავსი მასშტაბური სოციალური აქტივობის გადახდა წინასწარი რეგისტრაციით უნდა მოხდეს, ამიტომაც მათი გაკონტროლება ბევრად მარტივი იქნება.

ბურჯანაძე ამბობს, რომ "მწვანე ზონა“ არის ვირუსთან თანაცხოვრების შესაძლებლობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში