მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზაზე თანხმობა განაცხადა - გიორგი მიქელაძე

09 ნოემბერი 2021, 21:46 842 ნახვა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის გიორგი მიქელაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა. 

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი თანახმაა, მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაიტაროს.

"მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოხატა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მან თანხმობა განაცხადა პენიტენციური დეპარტამენიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და სხვა დაწესებულებიდან გამოთხოვილი იქნეს მის შესახებ არსებული პერსონალური სახის ინფორმაცია, მან ასევე თანხმობა განაცხადა პირადად წარდგეს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ფარგლებში სამედიცინო შემოწმების მიზნით ექსპერტთან მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. ის მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე, აქედან გამომდინარე, არსებობს თუ არა მის სხეულზე ჯანმრთელობის დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო სახის ექსპერტიზა, მან ამის ჩატარებაზე გამოთქვა თანხმობა, თანხმობა განაცხადა, რომ პირადად წარდგეს ექსპერტიზის წინაშე მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით" - განაცხადა მიქელაძემ.

მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ციხეში არსებული რეგულაციების გამო, დღეს მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ვერ მოხერხდა. ასევე აღნიშნა, რომ თუ რა ფორმით მოხდება გამოკითხვა, ამ საკითხზე პენიტენციურ დაწესებულებასთან და ადვოკატებთან კონსულტაცია მიმდინარეობს.

"რაც შეეხება გამოკითხვას, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა. მოგეხსენებათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გამოკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით, როგორც ეს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში განგვიცხადეს და რა ფაქტობრივი მოცემულობაც ჩვენ ადგილზე დაგვხვდა როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვის ჩატარება. ჩვენ ვმუშაობთ გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე, რის შესახებაც დამატებით გეცნობებათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

დღეს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი, გიორგი მიქელაძე შევიდა.

უწყების საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება ექსპრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში