სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მის პოზიციას ხვალ მოგახსენებთ - ნიკა გვარამია 

11 ნოემბერი 2021, 00:25 1146 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ექსპრეზიდენტის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა.

მისივე განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის შესაბამისი მკურნალობა უნდა უზრუნველყოს.

"მიხეილ სააკაშვილის დაცვის საერთაშორისო გუნდმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გააგზავნა მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ. მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დავალდებულება. სტრასბურგიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მხარეს მოგვეცა გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად.  რაც მთავარია, მოთხოვნა ჩვენი დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამ მოწოდებით აღიარებს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი შიმშილობს. სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით ამ წუთისთვის ციხის მე-18 დაწესებულებაში.

ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა ციხეშიც და ზოგადადაც. ასევე შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას და სააკაშვილის გადაწყვეტილებას ხვალ გავიგებთ, თუ შეწყვეტს, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს მისი ადეკვატური რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი. ასევე, ჩვენ დაგვევალა ყველას, რომ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია მივაწოდოთ სასამართლოს, 24 ნოემბერს კიდევ ერთხელ ეს ინფორმაციები შეჯერდეს და კვლავ იმსჯელებს სასამართლო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება.

საქმე არის პრიორიტეტული და სასამართლო ახსენებს საქართველოს სახელმწიფოს, მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად. ასეთი არის ჩვენი გადაწყვეტილება. მოხარული ვართ, რომ ფაქტი, რომ სააკაშვილი შიმშილობს, აღიარებული ფაქტია. ამ სპეკულაციებს იმედი მაქვს, დღეიდან შეეშვება ხელისუფლება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ერთი მხრივ, გაჩნდა პლატფორმა მისი შიმშილობის შეწყვეტის, თუმცა აქ სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული.

იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის აღსრულების არ იქნება და ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის, სახელმწიფო დაარღვევს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რამეთუ ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილებით დადგენილი მაღალი ხარისხის მკურნალობის და უსაფრთხოების სტანდარტებს. ეს არის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დასაწყისია.

ვიმედოვნებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს და მთავრობას ეყოფათ საღი აზრი, გამბედაობა და საბოლოოდ არ შეაგდებს სასწორზე ქვეყნის ამ შემთხვევაში უკვე საერთაშორისო სამართლებრივად ყოფნა არყოფნის საკითხს და არ მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მხოლოდ რუსეთი იღებს. გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს სახელმწიფოს მხრიდან. ჯერ სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ადეკვატური ნაბიჯები და ამის პასუხი იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები და სასურველი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცოტა ხნის წინ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში