კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა - ომბუდსმენი

11 ნოემბერი 2021, 17:18 972 ნახვა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.

ომბუდსმენის განცხადებით, ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ხოლო რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი.

სახალხო დამცველი მოითხოვს იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცეს პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა.

''გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც სახალხო დამცველი 2021 წლის 8 ნოემბერსვე აცხადებდა.

იუსტიციის მინისტრის ცნობით, ვიდეოჩანაწერების ნაკრების გავრცელება მიზნად ისახავდა ადვოკატის განცხადებების უარყოფას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით (https://bit.ly/3c3j7og), გამოძიების მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ მიუწოდებია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროება და არა მისი სრული სახით მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აბსტრაქტულ ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით და სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ადვოკატის პოზიციის გასაბათილებლად, გამოძიებისთვის აღნიშნული ვიდეომასალების სრულად მიწოდებასთან ერთად, შესაძლებელია შერჩეულიყო უფლების ნაკლებად მზღუდავი სხვა საშუალება'' - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში