არასამთავრობო ორგანიზაციებმა სააკაშვილის საქმეზე ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს განცხადებით მიმართეს 

12 ნოემბერი 2021, 17:10 1480 ნახვა

საქართველოში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს განცხადებით მიმართა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მესამე სექტორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის  ფაქტებს ყოველდღიურად ხედავს, რაც გამოიხატება მისი, როგორც მოშიმშილე პატიმრის და პაციენტის უფლებების უხეშ დარღვევაში. ეს კი შესაძლოა შეფასდეს, როგორც პატიმრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

''2021 წლის 01 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს და გადაიყვანეს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების განთავსების სპეციალურ დაწესებულებას. მ.სააკაშვილი, პროტესტის ნიშნად, დაკავების დღიდან შიმშილობს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესებისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის რისკების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოიწვია ექიმთა კონსილიუმი, რომლის დასკვნის მნიშვნელოვანი მომენტები მედია საშუალებებით გახდა ცნობილი. “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია”.

ზემოაღნიშნულ რეკომენდაციას მოყვა მაღალი თანამდებობის პირების მათ შორის, პრემიერ მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მას მხოლოდ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ პატიმრის სხვა, მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი არ წარმოადგენს საქართველოს პრემიერ მინისტრის კომპეტენციის სფეროს.

საქართველოს სახალხო დამცველმა ორჯერ – 2021 წლის 24 ოქტომბერს და 4 ნოემბერს შეამოწმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი და დაასკვნა, რომ “დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.” 9 ნოემბერს აღნიშნული საჯაროდ დაადასტურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ “რა თქმა უნდა, [N18 სამკურნალო დაწესებულება] არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ.“

გარდა სამედიცინო თვალსაზრისით მიზანშეუწონლობისა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება მესამე პრეზიდენტის ფიზიკური უსაფრთხოებისა და მისი ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის თვალსაზრისითაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს – N18 დაწესებულება მდებარეობს N8 დაწესებულების ტერიტორიაზე, რომელში გათავსებული პატიმრების დიდი ნაწილი კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარია, ხოლო მ. სააკაშვილის მმართველობა ასოცირდება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლასთან, რაც თავისთავად მაქსიმალურად ზრდის მასზე ფიზიკური ზემოქმედების რისკს სხვა პატიმრების მხრიდან.

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, 2021 წლის 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით, მოშიმშილე პატიმრის მიმართ მოპყრობისა და პაციენტის ინფორმირებული თანხმობის პრინციპების სრული იგნორირებით იქნა გადაყვანილი N18 დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ მ. სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა კატეგორიული უარი ამ დაწესებულებაში მკურნალობაზე.

მ. სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანის მეორე დღესვე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ “N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, – რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.”

პრეზიდენტ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას მკაცრი განცხადებით გამოეხმაურნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც – Amnesty International-მა მომხდარი ღირსების შელახვად, პირადი ცხოვრების ხელყოფად და სათანადო სამედიცინო დახმარების გაუწევლობად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ შერჩევით მართმსაჯულებას არამედ პოლიტიკურ შურისძიებას ჰგავს  და IRCT-იმ კი დაგმო პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა და საქართველოს ხელისუფლებას მ.სააკაშვილის საბაზისო ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.

გარდა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან ძალის გამოყენებისა, მ. სააკაშვილი, N18 დაწესებულებაში შესახლებისას ასევე გახდა სხვა პატიმრების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტიც, რისი ამსახველი კადრებიც ასევე გასაჯაროვდა. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ პატიმრების მხრიდან სიტყვიერ აგრესიას განგრძობადი და პერმანენტული ხასიათი აქვს და იგი მიმართულია არა მხოლოდ პატიმარ სააკაშვილის, არამედ ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც მის მოსანახულებლად შედის დაწესებულებაში, მათ შორის, სახალხო დამცველის მიმართაც. ის გარემოება, რომ პენიტენციური სამსახურს არც კი უცდია პატიმრების მხრიდან აგრესიის აღკვეთა, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ეს მოვლენები მართული ხასიათის იყოს.

2021 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში ძალმომრეობით შეყვანის კადრების ნაწილი, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო “იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოუწოდა შესაბამის უწყებებს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში