მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის აცილება მოითხოვეს

15 ნოემბერი 2021, 14:40 1105 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობდა.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილის აცილება მოითხოვეს. აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დააყენა.

"მოსამართლე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ამ საქმეზე საკუთარი გადაწყვეტილების შესრულებას ამ მოსამართლემ როგორ უნდა გააგრძელოს საქმის განხილვა. დღევანდელი პროცესი იყო ფარსი, სადაც რაღაც როლები იყო გადანაწილებული. მოსამართლის მანტია ეცვა ბადრი კოჭლამაზაშვილს, პროკურორების ფუნქცია კი იყო, როგორმე ხელი შეეშალათ ადვოკატებისთვის საკუთარი პოზიციის  დაფიქსირებაში"-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატების მოთხოვნა იყო, რომ ექსპრეზიდენტი სასამართლო სხდომებს დაესწრებოდა. მიუხედავად ამისა, სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი არც წინა პროცესზე და არც ამ შემთხვევაში არ ესწრებოდა. სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა ადვოკატების მხრიდან მოსამართლის აცილების დაყენების მიზეზი.

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, სააკაშვილი სასამართლო სხდომის დარბაზში ტრანსპორტირება  უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის განცხადებით, სასამართლო პროცესების ციხეში გაგრძელებას არ გეგმავს.

"დაცვის მხარის მოლოდინს, რომ სასამართლო აპირებს პროცესების პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებას, თითქოს ფარსში მონაწილეობს, ამას აქვე დავუსვამ წერტილს – სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.

მოგეხსენებათ,   პენიტენციურშიც შეიძლება ჩატარდეს პროცესები, კანონმდებლობა იძლევა ამის შესაძლებლობას. მეც მქონია სხდომა ციხეში, მაგრამ ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს და აუცილებლობა. როგორც წესი, ეს ბრალდებულის იმგვარი მდგომარეობაა, რაც ეტაპირების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ბრალდებული ითხოვს ამას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მდგომარეობა გაცხადებული ინფორმაციით არის მძიმე, მაგრამ ბრალდებული არ ითხოვს ამას. ბუნებრივია, მის გარეშე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დისტანციურ ფორმას, დაცვის მხარის მხრიდან არ მომისმენია ამაზე ინფორმაცია, თუ  მოგვაწვდით ამ ინფორმაციას, მოხარული ვიქნები'' – ამის შესახებ საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში