თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმია მობილიზებული

15 ნოემბერი 2021, 16:47 1313 ნახვა

ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ, ავტობუსებით სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.

საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს მტკვრის ორივე სანაპიროს გადაკეტვა იგეგმებოდა, თუმცა ამ დროისთვის აქციის მონაწილეები მხოლოდ ერთ – მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილდებიან.

„სპეცრაზმს არბენინებენ წინ და უკან, ახლა გადაისროლეს იუსტიციის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჩვენ წავედით აქეთ და ისინი გამოგვყვებიან უკან. ჩვენი ამოცანა სპეცრაზმთან კომფროტაცია არ არის, კიდევ ერთხელ კარგად დაინახოს ყველამ, რას ნიშნავს არაძალადობრივი პროცესი'' - აცხადებს ნიკა მელია. 

ასევე მობილიზებულია ყვითელი ავტობუსები, სადაც სპეცრაზმელები სხედან. ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრაობენ. ქუჩებში გადაადგილდებიან წყლის ჭავლის მანქანებიც.

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა საავტომობილო გზაზე წარწერა - “ოცნება კლავს, თავისუფლება მიშას” გააკეთეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ლოკაციაზე დასრულდება მსვლელობა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში