მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება გაუარესებულია, ითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას - დიმიტრი საძგლიშვილი

15 ნოემბერი 2021, 19:21 991 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, არის სუსტად, და დაბალი წნევა აწუხებს.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო კონსილიუმთან შეხვედრას ითხოვს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული, ის არის ძალიან სუსტად, აწუხებს დაბალი წნევები. დღეს რამდენჯერმე იყვნენ შესული მასთან იმ მიზეზით, რომ ის ვერ ახერხებდა ლოგინიდან წამოდგომას და შესაბამისად, იქ მყოფი პირები დაინტერესდნენ, რაში იყო საქმე. მან მოახერხა ჩვენთან შესახვედრად ჩამოსვლა, თუმცა, ეს არ ყოფილა მარტივი და რეალურად, სისუსტე გამოხატული და თვალსაჩინო იყო ჩვენთვის, არა მხოლოდ სიარულში, არამედ კომუნიკაციაშიც, რაც ჩვენ გვქონდა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან.

დღესაც არ მომხდარა კონსილიუმის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს კონსილიუმთან შეხვედრას. ასევე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის დაშვებას მასთან, თუმცა, ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის შემადგენლობის შესვლაც გარეშე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებული კონსილიუმის გარეშეც არის მისი მოთხოვნა“, - აღნიშნა საძაგლიშვილმა.

​მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი ჩაუტარეს, რადგან,  გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“PCR ტესტი მას აღებული აქვს და ელოდებიან, ამ დრომდე ეს პასუხი არ ყოფილა. ეს ინფორმაცია დღეს მედიიდან გახდა ცნობილი. ჩვენ ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა თუ არა კონტაქტი #18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ კი ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა, დღეს დილით აუღეს მას PCR ტესტი და ახლა ველოდებით ამის პასუხს. აქამდე მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ PCR ტესტის აღება მოხდა, რადგან #18 დაწესებულების დირექტორს დაუდასტურდა კოვიდი. ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული და ამაში იგულისხმება ნებისმიერ საფრთხე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში