რურუას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს ბათუმის მერია ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანს

15 ნოემბერი 2021, 22:46 2128 ნახვა

ბათუმში, რურუას პირველ ნომერში მცხოვრებ 72 ოჯახს, მერია დღესვე უსაფრთხო, ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანს, - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე განცხადებით, შენობის მდგრადობას ექსპერტიზა შეისწავლის, რის შემდგომ გადაწყვეტილებებს მერია დასკვნის შესაბამისად მიიღებს. 

"დღესვე მოსახლეობა გაყვანილი იქნება უსაფრთხო ადგილას. შენობას დეტალური კვლევა ჩაუტარდება, რომ დადგინდეს ავარიულობის ხარისხი. უნდა დადგინდეს რამდენად საფრთხის შემცველია და რა შემდგომი მოქმედებები უნდა განვახორციელოთ ამ კორპუსთან მიმართებაში. შემდგომ გადაწყვეტილებებს კი მერია, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მიიღებს.

მოსახლეობა თანახმაა დროებით უსაფრთხო ადგილას გადასვლაზე. ამ ღამე და უახლოესი დღეების განმავლობაში ისინი განთავსებული იქნებიან სასტუმროებში", - აცხადებს ლელა სურმანიძე.

ცოტა ხნის, წინ ბათუმში, რურუას  N1ა ნომერში მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვდნენ. მათივე განცხადებით, საცხოვრებელ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, რადგან შენობის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში