პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება არ ჰქონდათ განვუცხადეთ უარი - ბრეგაძე

16 ნოემბერი 2021, 10:33 1052 ნახვა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონით არ ჰქონდათ პენიტენციურ  დაწესებულებაში შესვლის უფლება, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს. რატი ბრეგაძემ ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ რატომ არ ეძლევა უკრაინის სახალხო დამცველს მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება.

„რაც შეეხება არშესვლის მიზეზს, ჩვენ განვმარტეთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში.

ბატონ სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი, აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, შედის ყველა. იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები, მათ შორის გუშინ, ასევე იქ მუდმივ რეჟიმში შედის მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები და ყველა ის პირი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

სხვა პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება განვუცხადეთ უარი.

#18 დაწესებულება ეს არის სამკურნალო დაწესებულება და ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, რომ იქ შევიდნენ ის პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება საქართველოს კანონმდებლობით, რომ შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. ის საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მან იუსტიციის მინისტრს შესვლის თხოვნით გუშინვე მიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში