ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი 2021, 18:12 1048 ნახვა

კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით სააკაშვილს და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

"სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დღესაც ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა. დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა, საზოგადოება, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას.

ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება არის ღირსებისა და პატივის შემლახველი, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

"დღეს მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და გავაცნო ამ სერიოზულ საკითხზე ჩემი შეხედულება - პირველ რიგში დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამიტომ, იმ კადრების გავრცელება, რომელიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტინეციურ სისტემაში, ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში წინამორბედს დაემსგავსოს. გულგრილობა, დაცინვა და ქილიკი მიუღებელია არამხოლოდ ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ მთელი საზოგადოებისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში