გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში - ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა პეტიცია 

18 ნოემბერი 2021, 12:28 1554 ნახვა

მოვითხოვთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დაცვას და მის გადაყვანას დაუყოვნებლივ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში - წერია პეტიციაში, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ერთი ჯგუფი ავრცელებს. 

დოკუმენტს ხელს აწერს 15-ზე მეტი ლექტორი. 

პეტიციაში ასევე წერია: ''ჩვენ, ბსუ-ს  პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც ვემსახურებით მეცნიერებასა და მომავალი თაობების განათლებას, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებისა, პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა ქვეყანაში მიმდინარე მეტად კრიტიკული სიტუაციის გამო. ვიმედოვნებდით, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა, მაგრამ საპირისპიროს მოწმენი გავხვდით. ამიტომ მოვითხოვთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დაცვას და მის გადაყვანას შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. 

მიგვაჩნია, რომ ეს არის არა მარტო მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის, არამედ სამოქალაქო შუღლის თავიდან აცილებისა და ჩვენი ქვეყნის მსოფლიო ცივილიზებულ საზოგადოებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი. გთხოვთ, აღნიშნული ნაბიჯი დაუყოვნებლივ გადაიდგას, რათა არ მივიღოთ ფატალური შედეგი''.

უნივერისტეტის ლექტორების თქმით, ცუდი შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სწორი ნაბიჯების გადადგმა. 

''როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის წინაშეა, როდესაც ქვეყნის დანიშნული პრეზიდენტი გამოდის და ორაზროვან განცხადებას აკეთებს, როდესაც  შეიქმნა კონსილიუმის კონსილიუმი და თითქმის ყველა ამბობს ერთი და იგივეს, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სააკაშვილი სამოქალაქო, მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც ის რეაბილიტაციის გავლას შეძლებს. ის დაპირისპირება  რაც პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას შორის არის, კიდევ უფრო გამწვავდება და ქვეყანა სრულ კოლაფსამდე მივა '' - აცხადებს პროფესორი ოთარ ცეხლაძე. 

 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში