მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში - სალომე ზურაბიშვილი

19 ნოემბერი 2021, 19:13 878 ნახვა

მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში.

„მივესალმები ასევე ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ.

დღევანდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში