მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებში უნდა მოხდეს - ლიზა იასკო

22 ნოემბერი 2021, 16:51 1064 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია ცხადია, თავისუფლების პირობებში უნდა მოხდეს, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ჰოსპიტალში არ არის ცუდი პირობები, თუმცა ეს მაინც არის ერთი ოთახი საპატიმროში, სადაც ფანჯარაც კი არ იხსნება და ეს გავლენას ახდენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

​იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია.

„სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ სუსტად არის. მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ ვნახე და ვფიქრობ, მაშინ გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მისი ჯანმრთელობა განადგურებულია. ძალადობა, წამება და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც გადაიტანა გლდანში, ცხადია, აისახა მასზე. არ ვარ ექიმი და რთულია ვთქვა, როგორია მისი ორგანიზმის მდგომარეობა, მაგრამ ვხედავ, რომ დასუსტებულია და დიდი დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას, სამწუხაროდ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა გამოსავლის მოსაძიებლად მისი სამედიცინო რეაბილიტაციისთვის, რომელიც უნდა იყოს ცხადია, თავისუფლების პირობებში ჩატარებული.

გააგრძელეთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის- ეს მისი მთავარი გზავნილებია, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, მე მაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას ის მიიღებს თავისუფლებაზე. ეს საკითხი უნდა იყოს განხილვის საგანი და ეს უნდა განხორციელდეს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა განხორციელდეს რეაბილიტაცია თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე. დიახ, ამ ჰოსპიტალში პირობები არ არის ცუდი, შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, მაგრამ ეს მაინც არის ერთი ოთახი საპატიმროში, სადაც არ იხსნება ფანჯარა და ეს გავლენას ახდენს მასზე“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში