შიმშილობის შეწყვეტა გვაძლევს საფუძველს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დარბაზში დაესწროს - რატი ბრეგაძე

22 ნოემბერი 2021, 22:51 1001 ნახვა

დაველოდებით ექიმების დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ტვ იმედის" ეთერში განაცხადა.

"როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკებზე - ეს იხილა საზოგადოებამაც, რომ მან დაკარგა გონი. აქვე იმაზეც უნდა ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მაღალ პროფესიონალიზმს უნდა გავუსვათ ხაზი, რადგან ამ ეპიზოდიდან საკმაოდ მალე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იყო სტაბილური", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ექსპრეზიდენტი სასამართლო სხდომებზე ორი მიზეზით, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადაჰყავდათ. 

აქ იყო ორი მთავარი ფაქტორი, ერთი - უსაფრთხოება, მეორე - ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი პრინციპია და ბუნებრივია ეს არის საფუძველთა საფუძველი და აქ ჩვენ თეორიული რისკის არსებობასაც ვერ დავუშვებდით. შესაბამისად, როდესაც ეს რისკი იქნება გამორიცხული სპეციალური პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში