გართულებულია მიხეილ სააკაშვილთან შესვლა, ზოგიერთი საკითხი, რაზეც შენიშვნა გვქონდა გამოსწორებულია - ომბუსდმენი

23 ნოემბერი 2021, 20:23 874 ნახვა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლის პროცესი გართულებულია.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტთან შესასვლელად დაახლოებით 2 საათი დასჭირდა.

"ძალიან გართულებულია შესვლა. დაახლოებით ორი საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ რეალურად გაურკვევლობა არის შიგნით, კომუნიკაცია არის გართულებული ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პენიტენციურ უწყებას შორის. რეალურად ერთმანეთში რეკავენ და რეკავენ სადღაც; ჩემთვის გაურკვეველია სად, არკვევენ რაღაცებს, რაც, ასევე, ჩემთვის გაურკვეველია. ამან წაიღო დაახლოებით ორი საათი“, - თქვა სახალხო დამცველმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობას, ლომჯარიას ინფორმაციით, გარკვეული საკითხები გამოსწორებულია, ექსპრეზიდენტის სამედიცინო შემოწმებას ბადრაგი აღარ ესწრება.

"რაც შეეხება უფლებრივ საკითხებს, გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ შენიშვნა მივეცით წინა ვიზიტის დროს, არის გამოსწორებული. მაგალითად, ბადრაგი აღარ ესწრება მის გასინჯვებს, სამედიცინო შემოწმებას. ამ წუთას პრობლემა არის ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები და ჰიგიენის ნივთები სჭირდება. ასევე, სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როცა მას უკვე ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება. ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს. ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენმა და მისი ინიციატივით შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალი დღეს მოინახულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში