საზღვრის კვეთისას ელექტრონული აპლიკაციით დადასტურებული, ,,მწვანე სტატუსის'' მქონე პირებს დამატებით საბუთის წარდგენა არ მოეთხოვებათ - ნინო ნიჟარაძე

30 ნოემბერი 2021, 13:36 2016 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საზღვრის კვეთისას ელექტრონული აპლიკაციით დადასტურებული, ,,მწვანე სტატუსის'' მქონე პირებს დამატებით არანაირი საბუთის წარდგენა არ მოეთხოვებათ.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინაცია სხვა ქვეყნებში ჩაიტარეს და ქართულ ბაზაში ამ ეტაპზე მათი ასახვა არ ხდება, ნინო ნიჟარაძის განცხადებით ამ საკითხზე ისინი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდებიან შესაბამის გადაწყვეტილებას.

მისივე განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა საზღვრის კვეთისას უნდა იქონიონ ვაქცინაციის სრული კურსის დამდასტურებელი მოწმობა.

"ამ ეტაპზე მათ ხელთ უნდა ჰქონდეთ ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მათ ვაქცინაციის სრულ დოზას, თუმცა როგორ მოხდება ,,მწვანე სტატუსის'' მინიჭება ველოდებით გადაწყვეტილებას"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მინისტრმა განცხადება გააკეთა ახალ რეგულაციასთან დაკავშირებითაც, რომელიც ხვალიდან იქნება ძალაში და ,,მწვანე პასპორტების'' ამოქმედებას უკავშირდება.

ნიჟარაძის განცხადებით, ბიზნესოპერატორებთან მიმდინარეობს აქტიური შეხვედრები, არსებობს მათთვის სპეციალური აპლიკაცია, რომლითაც QR კოდით ხდება პირის სტატუსის შემოწმება.

"თუ ბიზნესოპერატორი ამ წესებს არ დაიცავს რეგულაციებზე მუშაობს შესაბამისი უწყებები.

დასაწყისისთვის საჯარიმო ღონისძიებებზე არ არის საუბარი, თავიდან იქნება დაკვირვების რეჟიმი და შესაბამისად მოხდება გადაწყვეტილების მიღება"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში