პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით 29 ნოემბერს 3 პირი დავაკავეთ - შსს

01 დეკემბერი 2021, 16:03 717 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

''გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას - დაცვის ჯიხურიდან ჩამოსულიყვნენ და პროტესტი უსაფრთხო ადგილზე გაეგრძელებინათ. ბრალდებული ბ.თ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, წააქცია ჯიხურის სახურავზე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბ.თ.-სთან ერთად დაცვის ჯიხურზე მყოფი მეორე ბრალდებული - ე.ს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, სიმაღლიდან გადაგდების მიზნით, ფიზიკურად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად განაგრძო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.

ამავე ბრალდებით დაკავებულმა ლ.ს.-მ და ს.გ.-მ აქციის მსვლელობისას დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. მათ ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკურად იძალადეს თბილისის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე'' - აცხადებენ შსს-ში. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში