"ამოიღეთ პროპაგანდისტული წიგნი პროგრამიდან!" - აქცია განათლების სამინისტროსთან

06 დეკემბერი 2021, 15:24 1188 ნახვა

დიოგენეს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში თავში სახელწოდებით: "საქართველო და თანამედროვე მსოფლიო" ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი. ის ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. სახელმძღვანელოს განათლების სამინისტროსგან გრიფი 2020 წელს მიენიჭა.

"ამოიღეთ პროპაგანდისტული წიგნი პროგრამიდან!" - ამ სლოგანით პარტია "დროა" განათლების სამინისტროსთან აქციას მართავს.

საზოგადოების ნაწილი, მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან მის ამოღებას ითხოვს. მათი  შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

''პროტესტი გამოიწვია იმ ყოვლად წარმოუდგენელმა ამბავმა, რაც გუშინ გავიგეთ. ჩვენ  ვხედავთ, რომ რუსული პროპაგანდის წიგნად გადაიქცა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო. ბავშვებს უნდა ასწავლონ რომ ომი დაიწყო საქართველომ, რომ ამაში დამნაშავე იყო საქართველო. ანუ ჩვენ რას ვუნერგავთ მომავალ თაობას? რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის? ამ და სხვა ჯოჯოხეთური ამბებით არის გაჯერებული ეს წიგნი. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, არ შეიძლება ამაზე რეაგირება არ გვქონდეს. არ შეიძლება გადაწერილი ისტორიით ასწავლონ საქართველოს ისტორია'' - განაცხადა ''დროას'' წარმომადგენელმა.  აქცია თავდაპირველად, სწორედ ''დროას'' ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დააანონსა. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, მისთვის გაურკვეველია, რატომ მოყვა ისტორიის წიგნში ჩანაწერებს "აჟიოტაჟი", როცა იქ მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი და არ არის მოყვანილი შეფასებები. 

"წიგნთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც მივიღე და რაც მე ვნახე, იქ მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებია და არ არის მოყვანილი გარკვეულწილად შეფასებები. თქვენ ახსენეთ ქება-დიდება და მე იქ ვნახე უბრალოდ ბიოგრაფია ადამიანების, რომლებიც იყვნენ საქართველოს პირველი პირები წლების განმავლობაში და შესაბამისად, გაურკვეველია რაზე ხდება ამ აჟოტაჟის ატეხვა, როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

''ძალიან სწორად არის შეყვანილი ბიძინა ივანიშვილი სახელმძღვანელოში, არ უნდა იყოს?'' - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაური. 

''დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება დაფასებული ადგილი განსხვავებით სააკაშვილისგან და თუ ამ ისტორიის წიგნში რაიმე არ ასახავს რეალობას, არის ის, რომ სახელმძღვანელოში მისი ის „საგმირო საქმეები“ არ არის ასახული, რისთვისაც არის მსჯავრდებული“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილის თქმით, წიგნი მოსწავლეებს სთავაზობს ნარატივს, რომ 2008 წელს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.

,,საბჭოთა კავშირში ლენინის ბიოგრაფიას რომ გვაზუთხინებდნენ, ასე ავალდებულებენ მოსწავლეებს ივანიშვილის ბიოგრაფია დაიზუთხონ - ეს გასაკვირი არაა განათლების მინისტრისგან, რომელიც ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს'' - განაცხადა უდუმაშვილმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში