წამებაა და არაადამიანური მოპყრობაა, რაც სააკაშვილმა გამოიარა - ელენე ხოშტარია 

07 დეკემბერი 2021, 13:35 847 ნახვა

''დროიას'' ლიდერი ელენ ხოშტარია მიხეილ სააკაშვილს გუშინ შეხვდა. დღეს სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს წამების კვალი ემჩნევა. 

შურისძიების სამართლიანობად გასაღება ანგრევს და დაანგრევს ჩვენ საზოგადოებას. თან ეს სახელმწიფოს დონეზე ხდება - წერს ხოშტარია. 

​''გუშინ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით და განცდებით გამოვედი. არა მასზე. მასთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო, დაცლილი აგრესიისგან, რეფლექსია წარსულზე და მომავალზე. თავი ძალიან კარგად ეჭირა.

მაგრამ ძალიან ცალსახა იყო წამების კვალი. წამებაა, რაც მან გაიარა და არაადამიანური მოპყრობა. რადგან მეც გავდივარ შიმშილის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს და მან ჩემგან განსხვავებით დამატებით უამრავი შეურაცხყოფა გამოიარა ზუსტად ვიგრძენი მისი მდგომარეობა. ძალიან რთულია ეს პროცესი. ორგანიზმის გამოღვიძება ბევრად უფრო რთულია. ასე არაა დაიზიანე, მორჩი და აღდგა.

ხოდა დავითრგუნე იმისგან, რომ წარმოვიდგინე რამხელა უფსკრულია ხალხის აღქმასა და რეალობას შორის. რეალურად მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა პირველ რიგში არის იმათი შეურაცხყოფა, ვინც მისი მმართველობის დროს დაიჩაგრა და სამართალს ეძებს. ვისაც ძალადობა აწუხებს და მის მიმართ მსგავს ძალადობას და ამ ძალადობის კვალს თვალებში ჩახედავს, შეუძლებელია ყველაზე მეტად არ შეწუხდეს. მათი შეურაცხყოფაა ეს პირველ რიგში.

სამართლიანობის ამ სტანდარტის დამკვიდრება, შურისძიების სამართლიანობად გასაღება ანგრევს და დაანგრევს ჩვენ საზოგადოებას. თან ეს სახლემწიფოს დონეზე ხდება. უმძიმესი ტვირთია ჩვენი სინდისისთვის ის, რაც მის თავს ხდება.

ერთ ჩემ მეგობარს, რომელიც გახარიასგან არის დაჩაგრული, ვუზიარებდი ჩემ ემოციებს და პირველი რაც თქვა, ღმერთმა დამიფაროს გახარია როდისმე ამ მდგომარეობაში ჩააგდონო. მეც ზუსტად ეს წარმოვიდგინე, ვთქვათ ღარიბაშვილი ან ბიძინა ვნახო ასე უფლება გათელილი, გული გამისკდება და თავს ვერ ვაპატიებ.

თუ არ გავაჩერეთ ეს ურთიერთგანადგურების საშინელი წრე, თუ არ დავნერგეთ სამართლიანობის სტანდარტი, სადაც პასუხისმგებლობა სამართალს და არა შურისძიებას ეფუძნება, საერთოდ არაფერს აზრი არ ექნება ამ ქვეყანაში. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ მშვიდად შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებას. 30 წლის თავზე, იმ უბედურებების მერე, რაც გამოვიარეთ თუ ამ წერტილის საფრთხეს ვერ აღვიქვამთ კიდევ 30 და მეტი უბედურებაში ვიცხოვრებთ.

მე მაინც მჯერა, რომ ეს ასე არ დარჩება და რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მივაღწევთ. მე ზუსტად ვიცი ამისთვის ენერგიას არ დავიშურებ'' - წერს ხოშტარია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში