თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

07 დეკემბერი 2021, 21:57 1300 ნახვა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა.  მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომაზე, დღეს მერიის მოადგილეები, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები და კახა კალაძის ახალი გუნდის შემადგენლობა დაამტკიცეს. 

საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ვიცე-მერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო დედაქალაქის მერის მოადგილეების თანამდებობას ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია იქნებიან.

მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს უხელმძღვანელებენ:

  • თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი - ვლადიმერ ჭიღლაძე;
  • გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი - გიგა გიგაშვილი;
  • ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - ვახტანგ ლომჯარია;
  • თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - კახაბერ გულედანი;
  • ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი აბუთიძე;
  • იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი - სერგო ბირკაძე;
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი - ირაკლი გვილავა;
  • საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი - გაიოზ თალაკვაძე;
  • მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი პაპავა;
  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი - გელა ჩივიაშვილი;
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნიკოლოზ ჭონქაძე.

საკრებულოს პირველი სამუშაო სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარალელურად, აქციაც გაიმართა.

სხდომათა დარბაზში ხმაური ოპოზიციის შეკითხვებს მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, კითხვები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს არ ეხებოდა.

ხმაური გამოიწვია საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებამაც, რომელმაც კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა.

განცხადების საპასუხოდ კალაძემ განაცხადა, რომ საკრებულოს ნომერ პირველ ჯამბაზად წოდებული ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა.

სიტყვიერი დაპირისპირება იყო კახა კალაძესა და "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, საკრებულოს წევრ საბა ბუაძეს შორის. ბუაძემ კალაძეს "კორუმპირებული მერი" უწოდა.

"მე მიმაჩნია, რომ თქვენ ამ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით," - განაცხადა საბა ბუაძემ.

კახა კალაძემ საბა ბუაძეს მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვა. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში