„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, ციხიდან გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც საპატიმროში ე.წ კონფიდენტის მიერ მიცემული ინფორმაციის საფუძველზე სხედან

08 დეკემბერი 2021, 12:04 891 ნახვა

„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმადაც, ციხიდან ის ადამიანები უნდა გამოვიდნენ, რომლებიც ციხეში სხედან კონფიდენტის მიერ მიცემული ინფორმაციის საფუძველზე.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, საუბარია ისეთ შემთხვევაზე როდესაც ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკების ამოღების პროცესში მხოლოდ პოლიციელები მონაწილეობდნენ და საქმეში არ არსებობს არც ვიდეოკამერა და არც სხვა ჩანაწერები.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი სრულყოფილად აღასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ადამიანები, რომლებიც ამ სტანდარტით სხედან ციხეში უნდა გათავისუფლდნენ.

"საზოგადოებისთვის ცნობილია ე.წ. ბირჟა მაფიას საქმე, სადაც დადასტურდა სამართალდამცავთა მიერ მოქალაქეებისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადების ფაქტი. ეს საქმე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ და 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ისეთი ჩხრეკის შედეგები, რითაც ამოღებული ნივთის ბრალდებულისადმი კუთვნილება დასტურდება, მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებით და ამავდროულად თუ პოლიციელს შეეძლო და არ მიიღო სათანადო ზომები, ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

ამის მიუხედავად დღემდე ციხეში სხედან ადამიანები, რომლებიც ამ წესით მოპოვებული მტკიცებულებებით არიან გასამართლებული, რადგან ქართული მართლმსაჯულება თვლის, რომ კანონს არ შეიძლება ჰქონდეს უკუქცევითი ძალა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ამსუბუქებს პატიმრის მდგომარეობას ან საერთოდ აუქმებს ამ პასუხისმგებლობას"-განაცხადა ხვიჩიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში