ლანჩხუთის ქალთა გუნდმა მარო მაყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

08 დეკემბერი 2021, 16:37 1687 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. ~

"ლანჩხუთის" ფეხბურთელები ქალთა ლიგის ბოლოსწინა ტურში თბილისის "კვარტალთან" სპეციალური მაისურებით გამოვიდა, რომელზეც მარო მაყაშვილის გვარი და პირველი რესპუბლიკის დროშა იყო დატანილი.

"100 წლის წინ საქართველოს ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი რუსულ ჯარებთან ბრძოლაში დაიღუპა. აგვისტოში, მარო მაყაშვილის დაბადების დღეს, გუნდს სპეციალური მაისურებით უნდა ეთამაშა, თუმცა ჩემპიონატი დროებით შეწყდა. გმირები აგვისტოშიც გმირები არიან, დეკემბერშიც და მუდამ გმირებად რჩებიან - სეზონის ბოლოსწინა მატჩზე, ქსკ კვარტალთან ფეხბურთელები სიმბოლური მაისურებით გამოვლენ”, - წერია საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეისბუქ-გვერდზე.

"ლანჩხუთმა" გასვლაზე "კვარტალი" 5-1 დაამარცხა. ლანჩხუთის ქალთა გუნდს საქართველოს ქალთა ლიგის ჩემპიონის ტიტული უკვე განაღდებული აქვს.

ბოლო ტურში "ლანჩხუთი" საკუთარ მოედანზე "კოლხეთს" უმასპინძლებს. მატჩის დასრულების შემდეგ კი საქართველოს ქალთა ჩემპიონატის თასი გადაეცემათ.

საქართველოს ჩემპიონის რანგში გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილი გუნდი მომავალ სეზონში ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

მარო მაყაშვილი 1921 წლის 19 თებერვალს 19 წლის ასაკში რუსეთის ჯართან ბრძოლაში დაიღუპა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში