აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

08 დეკემბერი 2021, 18:22 782 ნახვა

26  ნოემბერს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე დაკავებული 4 პირის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე სახილ შაინიძე 10  დეკემბერს გამოაცხადებს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ საქმეში არსებული ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლია და  მოწმეებს მოუსმინა. 

4 პირი, მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე წევრი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და სამართალდამცავების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მუხლით დააკავეს. ოქმის შემდგენი სამართალდამცავები ოთხივე პირის მიმართ 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

მოწმის სახით დაკითხული პოლიციელები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები ცდილობდნენ შენობაში შეჭრას, წინააღმდეგობას უწევდნენ დაკავების დროს პოლიციელებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.  აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და პოლიციელებმა ისინი ძალის გამოყენებით დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, პოლიციამ მეტი სანდოობისთვის სამხრე კამერების ჩანაწერი ვერ წარმოადგინა. დაკავებულებს შორისაა  გია ხალვაში. მისი განცხადებით დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.

26 ნოემბერს ოპოზიციის წევრები  და მათი მხარდამჭერები  უმაღლესი საბჭოს შენობასთან  ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდნენ.  პოლიციელებსა და   აქციის მონაწილებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში