ჩემი წარდგენა ჯანდაცვის მინისტრად ცალსახად არ განიხილება - თამარ გაბუნია

10 დეკემბერი 2021, 12:56 895 ნახვა

თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მის წარდგენას გამორიცხავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მიზეზები არ იცის.

მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ ცვლილების დრო იყო და მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო.

"მიზეზებთან დაკავშირებით მინისტრმა თავად არ ისაუბრა, მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას სამომავლოდ იმ პოზიციიდან, რა პოზიციაზეც ის ფიქრობს აქტივობის გაგრძელებას. ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პოლიტიკა არის კომპლექსური სფერო, რომელიც ითვალისწინებს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პარტიის არენიდან ეკა ტიკარაძისთვის არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ მან მოახერხოს როგორც სოციალური მიმართულებით დაწყებული რეფორმების განვრცობა, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით დაწყებული რეფორმებისა და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების ხელშეწყობა.

როცა მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას და ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას. ჩემი წარდგენა მინისტრად ცალსახად არ განიხილება. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, არ იყო მოსალოდნელი განცხადება, მოულოდნელი განცხადება იყო. გადაწყვეტილება ჩვენთვისაც გუშინ გახდა ცნობილი"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში