ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია - ირაკლი ღარიბაშვილი

10 დეკემბერი 2021, 13:44 1084 ნახვა

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოს მოსახლეობამ მკაფიო ნება გამოხატა და მხარი დაუჭირა ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების განხორციელებას. საქართველოს ახალარჩეულმა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა განეხორციელებინა ფართომასშტაბიანი რეფორმები ყველა მიმართულებით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერის განცხადებაშია საუბარი.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა  ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია.

"საქართველოს მთავრობა ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნაზე, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა, ვინაიდან გვწამს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, აუცილებელია ყველა ჯგუფის და ინდივიდის ინტერესების დაცვა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სრულად ასახავდეს საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ სტანდარტებს. სწორედ ამ მიზნით, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც პირველ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს ისტორიაში. 2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ადამიანის უფლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზების იდეას ეფუძნებოდა და განსაზღვრავდა საქართველოს ხელისუფლების გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ამოცანებს ამ უფლებათა სფეროში უწყებათაშორისი, მრავალსექტორული, ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბების, „კარგი მმართველობის“ განხორციელების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით.

ამჟამად, მთავრობა მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ფარავს უფლებების ფართო სპექტრს და ეხმიანება უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისოდ მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს ხელისუფლება არის და იქნება გარანტი, საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის, განვითარების და წინსვლის შესაძლებლობის. ჩვენ გვჯერა, რომ მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შევძლებთ დავძლიოთ გამოწვევები და კიდევ უფრო დავაჩქაროთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია"-აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში