ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა - NDI

15 დეკემბერი 2021, 13:28 1216 ნახვა

უხეშმა რიტორიკამ და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა მხოლოდ გააღრმავა ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური პროცესები, ხოლო ეროვნული დონის საკითხებზე ფოკუსირებამ ადგილობრივი დონის საჭიროებები დაჩრდილა - წერია ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. 

NDI-ის შეფასებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვის, ამომრჩევლებსა, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა კი პროცესი დააზიანა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პარტიული რესურსების დისბალანსმა, კამპანიების დაფინანსების არასაკმარის ზედამხედველობასთან და მმართველი პარტიის თანამდებობრივი უფლებამოსილების უპირატესობებთან ერთად არათანაბარ პოლიტიკურ ველს ხელი შეუწყო. 

''2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხის კონტექსტში გაიმართა. ბევრი ამ პროცესს ქვეყნის დემოკრატიული ორიენტაციის ლაკმუსის ტესტად განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც წესი, მოქალაქეები ადგილობრივ საჭიროებებსა და მმართველობაზე ფოკუსირდებიან, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ ხმების 43 პროცენტზე ნაკლების მიღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების პერსპექტივამ, პოლიტიკური ფსონები ყველა მხარისთვის გაზარდა. როგორც საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული და ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. შედეგად, პოლარიზაციის შემცირებისა და პოლიტიკური პროცესის მიმართ ფართო საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული.

საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიის წევრებმა და ადგილობრივმა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა აჩვენეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება, უზრუნველყონ საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული პროგრესი. ასევე აღსანიშნავია გარკვეული გაუმჯობესება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის შეჯამება 2 მიმართულებით.

გაფართოებული პოლიტიკური წარმომადგენლობის, გაზრდილი გამჭვირვალობისა და საჩივრების წარდგენის პროცესის გაუმჯობესების მიუხედავად, ჩართული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციას დაბალ ნდობას უცხადებდნენ. ეს ზომები ოპოზიციური პარტიების ნდობის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, განსაკუთრებით საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხთან მიმართებაში.

პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავდა. მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავრცელებულმა თავდასხმებმა არჩევნების პირველი და მეორე ტურის დღეებში და მათი თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის მცდელობამ მთლიან პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.

მეტწილად სავალდებულო გენდერული კვოტების განხორციელების ხარჯზე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალებისა და უმცირესობების, ისევე როგორც სხვა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა კვლავ გამოწვევად რჩება. არჩევნებამდე, არჩევნების დროს და შემდგომ პოლიტიკური აქტორების გარკვეული ქმედებები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო ამცირებს. საზოგადოების სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რადგან, როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა'' - წერია დოკუმენტში. 

NDI ქართულ მხარეებს შემდგომ რეკომენდაციებს სთავაზობს: 

– მომდევნო საარჩევნო ციკლის წინ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, პარტიებმა პოლიტიკური განხეთქილებების გადასალახად, საზოგადოების წინაშე თავიანთი პასუხისმგებლობის შესასრულებლად და ამომრჩეველთა ინტერესების გასატარებლად კეთილსინდისიერი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ;

– უნდა შეიქმნას ანგარიშვალდებულების მექანიზმები იმისთვის, რომ სახელისუფლებო ორგანოებმა არჩევნების პერიოდში მიუკერძოებლობა გამოიჩინონ და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აღკვეთონ. ხოლო სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ ამომრჩევლისა და კანდიდატის დაშინებისა და შევიწროების სავარაუდო ფაქტები.

– კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის გასაზრდელად, სახელმწიფო უწყება პასუხისმგებელი უნდა იყოს პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების წესების ყველა შესაძლო დარღვევის, მათ შორის პოტენციური უკანონო შემოსავლების, არადეკლარირებული ხარჯებისა და მესამე მხარის ხარჯების, სისტემატურად გადამოწმებაზე. ფინანსური ანგარიშგების ანალიზი დროულად უნდა ჩატარდეს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

– ამომრჩევლის ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფის მიზნით, არჩევნების პერიოდში მედიარეგულაციები და პრაქტიკა უნდა გადაიხედოს, რათა გადაიჭრას გამოვლენილი პრობლემები, მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა ჟურნალისტებზე ძალადობა, მედიის მიერ არჩევნების გაშუქება, საარჩევნო სუბიექტების წვდომა მედიაზე და კანდიდატთა დებატები.

– პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებს შორის პერიოდში მოქალაქეები აქტიურად უნდა ჩართონ. პარტიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ინკლუზიური კამპანიების გზით მათი პლატფორმები და პრიორიტეტები მოსახლეობის საჭიროებებს ასახავდეს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური პროგრამები და პლატფორმები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ უნდა განავითარონ. ამასთან, მათ ამომრჩევლებს პრობლემების მოგვარების მკაფიო გზები უნდა შესთავაზონ.

– ადრე გაცემული რეკომენდაციის მსგავსად, NDI მიიჩნევს, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ პატივი უნდა სცეს ადგილობრივი დამკვირვებლების ჭეშმარიტი და მიუკერძოებელი დაკვირვების მიზანს. სამოქალაქო სექტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თავისი როლის შესრულება, თუ იგი არჩევნების შემდგომი პერიოდისა და მომავალი საარჩევნო ციკლების განმავლობაში ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური აქტორების მხრიდან არასათანადო გავლენისა და ზეწოლისგან თავისუფალი დარჩება. თავის მხრივ, ყველა მიუკერძოებელმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ თავისი საქმიანობა იმგვარად უნდა განაგრძონ, რომ ის დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე და პოლიტიკურად მიუკერძოებელ ანალიზზე, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მაღალ ჩართულობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციაზე. ასეთი მიდგომა საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობას გააძლიერებს“, – ნათქვამია NDI-ს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში