მოსახლეობა, სოფელ ციხისძირში, მანდარინის ნარჩენების დაყრას აპროტესტებს

16 დეკემბერი 2021, 13:47 1006 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ძველი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში ციტრუსის ნარჩენების დაყრას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ მანდარინი ლპება, რის გამოც გაუსაძლისი სუნია. 

მოსახლეობა ნარჩენების დაკონსერვებას ან ტერიტორიიდან გატანას ითხოვს. 

სოფელ ციხისძირში 50-მეტი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე მოზარდების გადაადგილება საფრთხის შემცველია. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც პირუტყვი აღნიშნულ თხრილებში ჩავარდა. მათივე განმარტებით, ციტრუსის ნარჩენები დაახლოებით ხუთ ჰექტარზეა დაყრილი. 

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე მოქალაქეებს საკითხის დროულად მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა არაფერი შეცვლილა. 

''დასახლებულ პუნქტთან ახლოს, მოიტანეს და ნაგავი დაყარეს. მიუხედავად იმისა, რომ დაპირდნენ კაპიტალურად შემოიღობებოდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს არ ექნებოდა არანაირი დისკომფორტი,  ხედავთ რა დღეში არის დღეს ხალხი, ჩავარდა საქონელი, ბავშვები ამ გზით სკოლაში მიდიან და ყველაფერი ეს არის საფრთხის შემცველი. ემატება არსებული სუნიც და მდინარეში გაჟონილი ეს ნარჩენები კლავს და წამლავს თევზებს. ორშაბათამდე ვაძლევთ ვადას და ვითხოვთ კაპიტალურად მოწესრიგებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ციტრუსის ნარჩენებს მერიაში მივიტანთ''- განაცხადა ბონდო თედორაძემ.

ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო "ჯიამ ჯგუფის" დირექტორის განმარტებით, ტერიტორია ორ დღეში დაილუქება და შემოიღობება. 

ქობულეთის მერის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, ქობულეთში რთველი წარმატებით არ დასრულდეს. ლევან ზოიძის თქმით, ტერიტორია აუცილებლად შემოიღობება. 

​''რთველი ქობულეთისთვის მნიშვნელოვანია და ყველაფერი კეთდება, რომ წარმატებით დასრულდეს. რაც შეეხება ფაქტს, კანონის სრული დაცვით მოხდება კონსერვირება. კომპანიამ სამუშაოები გააჩერა. უბრალოდ მიწის მასით ამოივსო. მოსახლეობას მივეცი პირობა, რომ არ ჩაიყრებოდა. პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია, შემდეგ უკვე  შემოიღობება. ოპოზიცია კი ცდილობს, რომ რთველის სეზონი ჩაშალოს'' - განაცხადა მერმა.  

აღნიშნულ საკითხზე პროტესტის გამო რამდენიმე დღის წინ 6 მოქალაქე დააკავეს. სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11 საათზე გაიმართება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში