სამართლიანობის გარეშე შერიგება ვერ მოხდება - ირაკლი კობახიძე

16 დეკემბერი 2021, 23:17 1097 ნახვა

ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივაც.

"შერიგებასთან დაკავშირებით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა, ამის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ურთიერთობა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან. ვიდრე ამის შეფასება არ მოხდება და ეს იყო ერთ-ერთი პასაჟი პრეზიდენტის გამოსვლაში, ისიც ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ რაღაცების შეფასება არის მნიშვნელოვანი და ეს არის წინაპირობა, რათა ეს პროცესი იყოს წარმატებული. უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, აქ იგულისხმება ის ცხრა წელი, რომელიც ჩვენ „ნაცმოძრაობამ“ გამოგვატარა და რომლის მსხვერპლი იყო უმარავი ადამიანი, რომელთაც წაართვეს ქონება, რომელიც აწამეს და ა.შ. თუ ეს შეფასება გაკეთდება, ამ შემთხვევაში უფრო გამარტივდება ის პროცესი, რასაც ჰქვია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მე არ მჯერა, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, ეს ადამიანები აღიარებენ დანაშაულს, რაც არის ნებისმიერი შერიგების აუცილებელი წინაპირობა. მე არ მჯერა, რომ ისინი აღიარებენ საკუთარ დანაშაულებს ამის ერთ-ერთი ნიშანი იყო ის, რომ დღეს არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს უწოდებენ მესამე პრეზიდენტს და ამ კლიშეებს ამკვიდრებენ, პატივს არ სცემენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში