ნაძვის ხეებით მოვაჭრეებს პროდუქცია ჩამოართვეს - ისინი რეალიზაციის უფლებას ითხოვენ 

17 დეკემბერი 2021, 16:47 8202 ნახვა

ბათუმში, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ეზოში ნაძვის ტოტებით დატვირთული ავტომობილები დგას. მოქალაქეები დღეს უწყების შენობასთან მივიდნენ და აქცია გამართეს. მათი განცხადებით, მაკონტროლებლებმა პროდუქცია ჩამოართვეს და დააჯარიმეს. 

ნაძვის ხეებით მოვაჭრეები  ამბობენ, რომ ისინი არ გააფრთხილეს, ტყიდან ტოტების გამოტანის უფლება მისცეს, ახლა კი ვაჭრობის უფლებას არ აძლევენ.

მათივე თქმით, ნაძვის ტოტებით დატვირთული ავტომობილები აჭარისწყალზე გააჩერეს. მაკონტროლებლებმა განუცხადეს, რომ ეს კანონით აკრძალული იყო.  

ნაძვის ხით მოვაჭრეები გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლებისგან  ვაჭრობის უფლებას ითხოვენ,  წინააღმდეგ შემთხვევაში 6 საათზე შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ პროტესტის რა ფორმას მიმართავენ.

ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული ბიზნესით სხვა ადამიანები არიან დაინტერესებული, რის გამოც მათ ნაძვის ხეების აწყობისა და რეალიზიაციის საშუალებას არ აძლევენ.

​"ვითხოვთ, რომ ადამიანებმა ახალ წელს  ლუკმა-პური მაინც მიუტანონ შვილებს და ეს მაინც არ წაგვართვან. 5 შვილი მყავს და არ მაქვს საშუალება სხვა რამე გავაკეთო. მოვიდნენ და ნახონ რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ვიღაცას ჩამოტანილი აქვს ეს ტოტები და თვითონაც არიან ჩართული საქმეში როგორც ჩანს. " - განაცხადა ვეფხვია ბერიძემ. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის და გურიის რეგიონალური ინსპექტირების უფროსის, ნატო დავითაძის განცხადებით, არსებული ხე-ტყე მოპოვებულია დოკუმენტაციის გარეშე, რაც დარღვევად ითვლება.

"გამოვლენილი იქნა ფაქტები, რომ მოპოვებული არის წიწვოვანი ხე-ტყე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე. არსებობს კანონიერი გზა, თუ ვინმეს კერძო საკუთრებაში აქვს ეს ხე მცენარეები, ასეთ შემთხვევაში დარღვევა არ არის, მაგრამ სხვა შემთხვევაში, თუ ის იქნება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებული სახელმწიფო ტერიტორიაზე, ჩაითვლება დარღვევად", - აცხადებს ნატო დავითაძე.

 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში