ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის - შრომის ინსპექცია

17 დეკემბერი 2021, 18:29 867 ნახვა

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.

მათივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

აღნიშნული პროტოკოლი, ვიზიტორის „მწვანე“ სტატუსთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს, რაც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე - ბიზნესის მდგრად აღდგენას.

საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.

ე.წ. ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში