მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებო რჩება, ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი

20 დეკემბერი 2021, 23:45 849 ნახვა

ცენტრ "ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებო რჩება, ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი.

მისივე განმარტებით, ნეირომეტაბოლური და ფსიქოლოგიური მიმართულებით შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება, სადაც ექსპრეზიდენტს ეფექტურ მკურნალობას გაუწევენ.

"მისი მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება. ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი. ჩვენ დავტოვეთ ჩვენი დასკვნა, გავსინჯეთ პაციენტი და შევისწავლეთ ახალი დოკუმენტაცია. ჩვენი გარკვეული მოსაზრებები მკურნალობის კურსთან დაკავშირებით დავწერეთ კონსულტაციის სახით. ვფიქრობ, რომ შეხვედრა მოვითხოვოთ როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე კონსილიუმის სხვა წევრებთან, რადგან მდგომარეობა არის საყურადღებო და საჭიროებს მულტიპროფილურ კორექტირებას, როგორც პროგრამა მინიმუმი. როგორც პროგრამა მაქსიმუმი, შესარჩევია ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება ნეირომეტაბოლური და ფსიქოლოგიური მიმართულებით, რათა მოხდეს პაციენტის ადეკვატური მკურნალობა. ჩვენი მოსაზრებები დასკვნასთან ერთად დავტოვეთ“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, დღეს გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში