"ომიკრონი" არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილობას - თენგიზ ცერცვაძე

21 დეკემბერი 2021, 00:15 2757 ნახვა

"ომიკრონის" შტამი არ იწვევს მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილობას, რის გამოც ამ მიმართულებით ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

"ჯერჯერობით არსებული ინფორმაციებით, ეს შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო მეტ სიკვდილობას. შესაბამისად, პანიკის საფუძველი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, თუ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრი იქნება, ის რომც არ იწვევდეს სიკვდილობის გაზრდას, მაინც ბევრი ავადმყოფის ყოლის გამო, კლინიკურ სექტორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომ სიკვდილობა დაბალ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს", - აცხადებს ცერცვაძე.

მისივე განცხადებით, მკურნალობის პროტოკოლში ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება.

"რაც შეეხება მკურნალობას, აქ უფრო კარგი ინფორმაცია გვაქვს, დღეს არსებული მედიკამენტები, პრაქტიკულად, ყველა მოქმედებს „ომიკრონის“ შტამზეც. ჩვენ ძალიან კარგად მომზადებულები შევხვდით ამ ყველაზე მძიმე ტალღას საქართველოში და ასევე მომზადებული ვხვდებით „ომიკრონს“, - შემოტანილი გვაქვს 5 ახალი მედიკამენტი, ყველა ეფექტიანია ამ შტამის წინააღმდეგაც. მკურნალობის პროტოკოლში არავითარი ცვლილება არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში