წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვებასა და რეალიზაციაზე ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდეა

21 დეკემბერი 2021, 10:52 1106 ნახვა

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წინასაახალწლოდ, ქვეყნის მასშტაბით წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მონიტორინგი მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვება და რეალიზაცია კანონიერია მხოლოდ სანერგეებიდან, პლანტაციებიდან, საკარმიდამო ნაკვეთებიდან ან იმპორტის შემთხვევაში.

რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ''ეროვნული სატყეო სააგენტო''.

წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს საჯარიმო სანქციები, რომლებიც 200 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საჯარიმო თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც; ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში